COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის დისტანციური მკურნალობა: ონლაინ–კლინიკებში თანამშრომლების რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის მინისტრი, ინფიცირების რაოდენობის მატების პირობებში, დისტანციური სერვისების გაძლიერებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური ონლაინ–კლინიკა, რომელიც კოვიდ–პაციენტების დისტანციური მკურნალობისთვის შეიქმნა, ახალ თანამშრომლებს ამატებს. ამის გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიიღო.
ონლაინ–კლინიკას ემატება 60 სპეციალისტი. აქედან 30 ექიმია, ხოლო კიდევ 30 – ცხელი ხაზის (1505) ოპერატორი.
ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ, ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი მატების პირობებში, დისტანციური სერვისების გაძლიერება ძალზე მნიშვნელოვანია.
ონლაინ–კლინიკების თანამშრომლები და სპეციალისტები გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც ერთვებიან კოვიდ–პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე 2020 წელს შექმნილი ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებით.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 7–8 ათასია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.