გურიაში დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

უხვი ნალექის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გურიის რეგიონის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, იუწყება სააგენტო „გურიანიუსი“.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ოზურგეთში, სადაც თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება. უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ჭანიეთი-მაკვანეთი-ლიხაურის მოსახლეობას, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფებიც. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 15 სოფელია დარჩენილი.