ნათლისღების დღესასწაული საქართველოში: სამებაში ილია მეორემ ღვთისმსახურება აღავლინა - ვიდეო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.
Sputnik
ქართული ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს 12-დან ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ნათლისღებას. ნათლისღება ასევე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. პანდემიის გამო საპატრიარქომ ტრადიციული მსვლელობის გამართვაზე უარი თქვა.
ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეები იესოს ნათლობას იხსენებენ. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს განათლა 30 წლის იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ამ დღეს ღვთის განცხადებაც ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ, როდესაც მონათლული იესო მდინარიდან ამოვიდა, პირველად განცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ“.