მსოფლიო დღეს

დაიღუპა ცნობილი ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი

საშინელი ტრაგედია საფრანგეთის კურორტზე მოხდა - მსახიობი 37 წლის იყო
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საფრანგეთში, სავოიაში, ლა-როზიერის კურორტზე სხვა მოთხილამურესთან შეჯახების შედეგად დაიღუპა ცნობილი ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი (Gaspard Ulliel).
„ჰანიბალის“ ვარსკვლავმა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურესთან შეჯახების შედეგად თავის ქალის ტრავმა მიიღო. მსახიობი მძიმე მდგომარეობაში ქალაქ გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გასპარ ულიელი 37 წლის იყო.
ულიელმა სახელი გაითქვა ჟან-პიერ ჟენეს დეტექტიურ დრამაში „ხანგრძლივი ნიშნობა“ (A Very Long Engagement) შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით.
ულიელი ორჯერ იყო საფრანგეთის ეროვნული კინოპრემიის -„სეზარის“ ლაურეატი. იგი ცნობილია შესრულებული როლებით ფილმებში - „ჰანიბალი“ (Hannibal Rising), „ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ (It's Only the End of the World), „ხანგრძლივი ნიშნობა“ (A Very Long Engagement) და „სენ-ლორანი“ (Saint Laurent).