თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა დაწყებულია.
უამინდობამ და შტორმმა პრობლემები შექმნა ფოთშიც, სადაც ე.წ. კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი დააზიანა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20, 21 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი კვლავ მკვეთრად გაუარესდება. ზღვისპირეთში კი მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.