თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-20 იანვარს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ქარის სიჩქარე კი წამში 20-25 მეტრი იქნება.
„20, 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მინუს 5-8 გრადუსამდე დაიწევს, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ზღვისპირეთში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.