დიდთოვლობამ ხულოში სასწავლო პროცესი ჩაშალა

გადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებშიც.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მაღალმთიანი აჭარის სოფელ კორტოხის სკოლაში, რომელიც თოვლით იყო დაფარული, სასწავლო პროცესი აღდგა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
სკოლაში 44 მოსწავლე ირიცხება, ამ დროისთვის მათი ნაწილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა.
„სასწავლო პროცესი აღდგა... მშობლებს თავად შეუძლიათ აირჩიონ: ბავშვები სკოლაში გამოუშვან თუ დისტანციური სწავლების ფორმატში დატოვონ. სკოლაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია“, - განაცხადეს მერიაში.
დიდთოვლობის გამო სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია ხულოს საბავშვო ბაღებში. მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1,5-2 მეტრს აღწევს.
გადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში.