თბილისი, 18 იანვარი– Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართის გადაცემას 13.000-მდე დევნილ ოჯახს ჰპირდება, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი და მასშტაბური, 4–წლიანი განსახლების გეგმა განიხილეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელებმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე
სააგენტოს კონსულტანტმა ჯაბა სირბილაძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა და მათი ინიციატივები მოისმინა.
„წლის განმავლობაში ტენდერის საფუძველზე ჩვენ განვახორციელებთ 140–მდე ბინის მშენებლობას, ჩვენ ვმუშაობთ ასევე ბინების შესყიდვაზე“, - განაცხადა ჯაბა სირბილაძემ.
სირბილაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის გარეუბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ მცხოვრებლებმა მიიღეს დაპირება, რომ ახალ საცხოვრებელს 2022 წელს მიიღებდნენ. ძალაში რჩება მთავრობის წინადადება დროებით ნაქირავებ ბინებში გადასვლის შესახებ, რომლის ქირასაც ხელისუფლება გადაიხდის.
16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს 286,8 ათას ადამიანს, რაც 90 ათას ოჯახზე მეტია. თბილისში სულ 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად ურიგებს, მაგრამ მათ წლების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.