უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა: ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი თბილისში მომხდარ ფაქტზე

გამოძიება მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გრძელდება და მინისტრმა ყველას მოუწოდა, დაელოდონ ოფიციალურ შედეგებს
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ დევნილი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
გუშინ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.
„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას...ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“, - განაცხადა აზარაშვილმა
რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვაგან მცხოვრები დევნილების პრობლემებს, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში მისი იქ მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილებისთვის ის პრიორიტეტები, რაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გვაქვს დასახული, ანუ 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს უნდა მივყვეთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
„იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა >>
სამინისტროს მტკიცებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.
ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება და ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლა. მათი განცხადებით, ამ პირობაზე დათანხმების შემთხვევაში, სახელმწიფომ შესაძლოა შეწყვიტოს მათთვის ქირის გადახდა და ამის გაკეთება თავად მოუწიოთ.