თბილისში დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

ჯანდაცვის სამინისტრომ შენობაში მცხოვრებ დევნილებს განსახლების ორ გზა შესთავაზა.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.
ყოფილ სანატორიუმთან მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
დღეს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
„იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს მტკიცებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.
ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება და ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლა. მათი განცხადებით, ამ პირობაზე დათანხმების შემთხვევაში, სახელმწიფომ შესაძლოა შეწყვიტოს მათთვის ქირის გადახდა და ამის გაკეთება თავად მოუწიოთ.
კორპუსი ინგრევა: დევნილები დახმარებას ითხოვენ >>
დევნილები ამ დრომდე ავარიულ შენობაში რჩებიან. მათი ნაწილი პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.