თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები გადაადგილდებიან შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები – N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები გადაადგილდებიან უცვლელი მარშრუტით;
ავტობუსი N91 გორკის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების ნაცვლად, გადაადგილდება ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს;
N95 ავტობუსი ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით გადაადგილდება. უკუმიმართულებისას ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით პუშკინის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას ქუჩის, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის მოედნისა და გოგიბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
მიკროავტობუსები გადაადგილდებიან შემდეგი მიმართულებით:
- N62 და N117 ხეთაგუროვის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც გოგიბერიძის ქუჩის გავლით მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
უკუმიმართულებისას, მარშრუტი შეეცვლება მხოლოდ N117 მიკროავტობუსს, რომელიც ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო.
კერძოდ, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.