თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო მთელი წლის განმავლობაში დააფინანსებს ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფს, რისთვისაც ათობით მილიონ ლარს დახარჯავს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სახელმწიფო მომავალშიც აუნაზღაურებს ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობას სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე. შეღავათი დაახლოებით მილიონი მოქალაქისთვის იმოქმედებს.
„ახალი პროექტი განსხვავებულია, რადგან სრული წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენი დაფინანსდა, თვეების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მონაცემთა ბაზაშიც სოციალურად დაუცველები გარკვეულ პერიოდში ხან მეტია, ხან ნაკლებია“, – განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, მისი თქმით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 310 ათასზე მეტი ასეთი აბონენტი.
„თუ თითოეულ ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობაზე გადამრავლდება, მილიონ მოქალაქეზე მეტია, როგორც ეს მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული“,- აღნიშნა ნარმანიამ.
მისი სიტყვებით, პროექტსა და სათანადო ტექნიკურ დეტალებს კომპანიებთან შეათანხმებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
„ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტები, რომელთაც დაუსუბსიდირდათ აღნიშნული ტარიფის ნაზარდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ტარიფიდან 3,5 თეთრი დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა ნარმანიამ.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფმა მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით მოიმატა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.
ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობას სახელმწიფო იმ შემთხვევაში აანაზღაურებს, თუ აბონენტის ხარჯი თვეში 200 კვტ/სთ-ს არ გადააჭარბებს.
მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა თითქმის ორი წლის წინათ აამოქმედა, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. გასულ ზამთარში სახელმწიფო სრულად უხდიდა კომუნალურ მომსახურებას მოქალაქეებს, რომლებიც თვეში არაუმეტეს 200 კვტ/სთ-ს მოიხმარდნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო ფარავდა სხვაობას ელექტროენერგიის ძველ და ახალ ღირებულებას შორის.