საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდი კომპანია იყიდება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელ ინვესტორს არ აქვს უფლება, ადგილობრივი ავიაკომპანიის 49%-ზე მეტის მფლობელი გახდეს
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 150 მილიონ დოლარად იყიდება, აღნიშნავს განცხადებაში გაერთიანება Georgian Business Brokerage, რომელსაც ავიაგადამზიდის ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ხელმძღვანელობს.
ამასწინათ Georgian Airways-ის გაკოტრებისა და რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიას 16 ათასი მგზავრისა და ათობით სხვა ფირმის წინაშე 176 მილიონი ლარის ოდენობის ვალი დაუგროვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ავიაკომპანიის გაკოტრება/რეაბილიტაციის შესახებ საქმისწარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ავიაკომპანიაში ფინანსური კრიზისი კორონავირუსმა და საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია. შედეგად კომპანია ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს.
სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ Georgian Airways-ის მენეჯმენტს კომპანიის რეაბილიტაციის პროექტი აქვს. კერძოდ, კომპანია აპირებს მომგებიანი მიმართულებებით ფრენების გაგრძელებას, რაც მისი ოპერირების გარანტია იქნება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელ ინვესტორს არ შეუძლია ადგილობრივი ავიაკომპანიის 49%-ზე მეტის მფლობელი იყოს.
ავიაკომპანია „აირზენა“ (Airzena) 1993 წლის სექტემბერში შეიქმნა. 1999 წელს საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წლის აგვისტოში Airzena-მ სახელი შეიცვალა და Georgian Airways-ს გახდა.
ამჟამად Georgian Airways მთლიანად კერძო კომპანიაა. ავიაკომპანიაში ყველაზე მსხვილი წილი - 80% - ბიზნესმენ დავით გაიაშვილს ეკუთვნის, 20% - შპს Georgia Air Service-ს, რომლის მფლობელებიც არიან ეთერ გაიაშვილი (90%) და სოფიო გვენცაძე (10%).
ავიაკომპანიის განკარგულებაშია თვითმფრინავები BOEING 737, Embraer და CRJ.
წყარო - გაერთიანება Georgian Business Brokerage