თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დააკავეს, იუწყება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
რეგისტრატორი იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა 2012-2021 წლებში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საკუთრებაში უკანონოდ დაურეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
„ზ.გ.-მ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ხუთ ეპიზოდში. მას კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამოხელეო დანაშაულს მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება.