ცნობილი ფსიქოლოგის 10 ძალიან საჭირო რჩევა: აუცილებელია, იცოდეთ!

ცნობილი ფსიქოლოგი, იურისტი, ტელე- და რადიოწამყვანი მიხაილ ლაბკოვსკი, რომელიც თავად იყო ბავშვობაში „უმართავი და ძნელად აღსაზრდელი ბიჭი“, რის გამოც საკუთარ დედ-მამას არაერთ პრობლემას უჩენდა, რამდენიმე რჩევას აძლევს მშობლებს.
Sputnik
სხვათა შორის, ჟურნალმა Forbes-მა ლაბკოვსკი რუსეთის ყველაზე ცნობილ და ცნობად ფსიქოლოგად აღიარა, რომლის წლიური შემოსავალიც 130 მლნ რუბლს (დღეისათვის დაახლოებით 1 715 791 დოლარი) აღემატება.
მიხაილ ლაბკოვსკი გახლავთ არაერთი ფსიქოლოგიური ნაშრომისა და ბესტსელერის ავტორი, რომლებიც უზარმაზარი ტირაჟებით იყიდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ენდობიან მას ითვალისწინებენ ფსიქოლოგის რჩევებს, ვინაიდან ისინი ნამდვილად ქმედითია.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მშობლებს ასწავლის, როგორ შეურჩიონ შვილს „სწორი“ სკოლა და გარემო, როდის უნდა „შეეშვათ“ ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მასწავლებელს თქვენი შვილი არ უყვარს.
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

აი, რას გირჩევთ ფსიქოლოგი:

რჩევა 1 - ნუ დატვირთავთ შვილებს სკოლამდე ნურაფრით. არანაირი ჭადრაკი, უცხო ენები და სხვა ინტელექტუალური განვითარება. 6-7 წლამდე ბავშვის ტვინი ფიზიოლოგიურად არ არის მზად, აღიქვას დიდი და მოცულობითი ინფორმაცია. თქვენ დაკარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას.
რჩევა 2 - ნუ დაიწყებთ „მაგარი სკოლის“ ძებნას პირველკლასელისთვის. დაწყებით კლასებში ბავშვისთვის მთავარია ფსიქოლოგიური კომფორტი. ამიტომ შეარჩიეთ ნორმალური სკოლა სახლთან ახლოს, რათა ბავშვმა დიდი დრო და ბევრი ძალა არ დაკარგოს გზაში. თანაც, ის ბევრად იოლად დაამყარებს კონტაქტს კლასელებთან, თუ ისინი მეზობლები იქნებიან.
რჩევა 3 - პირველი მასწავლებელი უნდა იყოს კეთილი და არა „ძლიერი“. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ ადეკვატური ქალი, რომელსაც უყვარს ბავშვები და სკოლაში მოწოდებით მუშაობს. ასეთის მოსაძებნად, მიდით სკოლაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე და გამოკითხეთ მშობლებს იმ მასწავლებლების შესახებ, რომლებიც მეოთხე კლასს ამთავრებინებენ ბავშვებს.
რჩევა 4 - სკოლა – ეს თქვენი შვილის პასუხისმგებლობაა და არა თქვენი. პირველი კლასის პირველი ორი კვირის განმავლობაში შვებულებაც კი შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ მერე შვილს უნდა მოელაპარაკოთ: „თუ მე არ შემეხება შენი სკოლა, მე არ შეგეხები შენ“.
რჩევა 5 - ნუ იმეცადინებთ შვილთან ერთად, ნუ ჩაულაგებთ ჩანთას. თქვენმა შვილმა დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს მომავალში და მეტიც, თქვენც უნდა მოგხედოთ. ხოლო თუ ბავშვობაში მის მაგივრად ყველაფერს თქვენ გააკეთებთ, ბევრ პრობლემას შეუქმნით.
რჩევა 6 - რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შვილს დაეხმაროთ, მაგრამ აქ პრინციპული მომენტი ისაა, რომ თავად შვილმა უნდა გთხოვოთ, რაღაც არ მესმის და დამეხმარეო. თუ არაფერს გთხოვთ, ესე იგი, ყველაფერი ნორმალურადაა და საჭირო არ არის, გამოკითხვა მოუწყოთ, როგორაა საქმეებიო.
რჩევა 7 - თუ მასწავლებელს თქვენი შვილი არ უყვარს, თავდაპირველად სცადეთ, დაელაპარაკოთ მასწავლებელს, მერე კი დირექტორს. თუ აქედან არაფერი გამოვა, წაბრძანდით ზემდგომ ორგანოებში. ან უბრალოდ შეუცვალეთ ბავშვს კლასი ან სულაც სკოლა. არაფრით და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ის ხანგრძლივი პერმანენტული სტრესის მდგომარეობაში.
რჩევა 8 - პუბერტატი – ეს ყველაზე რთული და მძიმე პერიოდია თქვენი შვილის ცხოვრებაში. ის დაახლოებით 12-14 წლის ასაკში იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება. ეს არის რთული ფსიქიკური და ფიზიკური ცვლილებების პერიოდი; აქედან იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი, გადაღლილობა. ამასთან, ამ პერიოდს ემთხვევა ჯერ სასკოლო, მერე კი ეროვნული გამოცდებიც. დიახ, შესაძლოა თქვენმა შვილმა სწავლას მოუკლოს, მაგრამ გირჩევთ: თუ კონფლიქტები და რთული პრობლემები არ გინდათ, მათ შორის, სუიციდის მცდელობები, უბრალოდ, შეეშვით შვილს. თქვენი ამოცანა ამ ასაკში ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიტანოთ და დაასრულოთ ეს კოშმარი.
რჩევა 9 - თუ ბავშვს არ უნდა, აუცილებელი არ არის, მისი ნიჭი სპეციალურად განავითაროთ... საჭირო არ არის დაიძაბოთ, პედაგოგები მოძებნოთ და გაფაციცებით ელოდოთ, „სად იფეთქებს ნიჭი“. დიდი ალბათობით, არსადაც არ იფეთქებს, და ამაში არაფერია ტრაგიკული.
რჩევა 10 - ყველაზე მთავარია, შვილის ისე მიღება ისწავლოთ, რომ არაფერს ელოდოთ მისგან. საკუთარი პირმშოს სიყვარულისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სწავლობს და როგორ იქევა ის. შვილი უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის და არ უნდა იწვევდეს თქვენ გაღიზიანებას.