COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე პირებისთვის NCDC განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩატარებულია 372.981 ტესტი, ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა კი დაახლოებით 53%-ით მეტია წინა შვიდ დღეში ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) გავრცელებას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით.
„უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
უწყების ცნობით, ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმოს რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღაა. ქვეყანაში ყოველდღიურად 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. მათ შორის მატულობს ომიკრონის" შტამით ინფიცირებაც.
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი NCDC