რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა: თურნავას განმარტება

მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2020 წელს მსოფლიო ბანკმა 35,7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის ფართოზოლიან ინტერნეტთან დაკავშირება ხელმისაწვდომ ფასად და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
„გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჩარლზ ჰარპმა განაცხადა, პროგრესი შესამჩნევია, ინფრასტრუქტურა გასული წლის განმავლობაში საკმაოდ განვითარდა.
„ეს ძალიან საინტერესო და ამბიციური პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ინკლუზიურობას რეგიონში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ციფრული სერვისები, ციფრული ჩართულობა ქვეყნის რეგიონების იმ სოფლებში, სადაც დღეს ინტერნეტზე წვდომა არ არის“, – აღნიშნა ჰარპიმ.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის ზრდა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. პროექტს ხუთი წლის მანძილზე განახორციელებს კომპანია Open Net კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც აშენდა 140კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, სერვისი უკვე მიეწოდება ადგილობრივ ოპერატორებს და მათი მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაციები და მოსახლეობის ქსელში ჩართვა.
მშენებლობა დასრულების ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობას, 13 დასახლებულ პუნქტს და 10,500 მოსახლეს.
Log in Georgia-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500.000 ადამიანი.
წყარო - ეკონომიკის სამინისტრო