მედია: ლაგოდეხში სამი შვილის დედა ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ლაგოდეხში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „პრაიმტაიმი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდოდ, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც ოჯახი გასათბობად იყენებდა.
გარდაცვლილი ქალი ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამვლის შემთხვევები გახშირდა.