საუკუნის პროექტი კვლავ საფრთხის ქვეშაა - ინვესტორების რეაქცია სასამართლო გადაწყვეტილებაზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2016 წელს მიიღო
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებლებთან ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის პროექტი, ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.
ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და თითოეულს 7 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (2008 წელი), საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
„ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანის მომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.
საქართველო ანაკლიის პორტის პროექტზე ტენდერის ჩასატარებლად კონსულტანტებს დაიქირავებს
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საუკუნის პროექტი
ხაზარაძე ერთ-ერთი დამფუძნებელია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნ და აეშენებინა.
2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საფინანსო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაწყვიტა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.
იმავე წლის ზაფხულში კონსორციუმმა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს. კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.
ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ „ტრენდშია“: ხელისუფლება ახალ ტენდერზე მუშაობს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
როდის მოიძიებს საქართველო ახალ ინვესტორებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის>>>
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლებულ საინვესტიციო სატენდერო პაკეტზე და 2022 წელს ინვესტორების საერთაშორისო შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.