სააკაშვილის პროექტი არავის სჭირდება: ექსტრავაგანტული ნაგებობა კვლავ ვერ გაიყიდა

ორი გიგანტური „მილისგან“ შემდგარი ნაგებობა, რომელშიც საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, თავდაპირველად 95 მლნ ლარად იყო შეფასებული.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისის ყველაზე ექსტრავაგანტული ნაგებობის, რიყის პარკში განთავსებული ე.წ. რიყის დოქების გაყიდვაზე რიგით მეხუთე აუქციონი ჩავარდა.
პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. დღეს მისი ფასი 30 მილიონი ლარია.
აუქციონზე არც ერთი განაცხადი არ შესულა და ვაჭრობა ჩაიშალა.
მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. აუქციონის პირობებით, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.
გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხუთი წლის განმავლობაში უნდა შექმნას მუზეუმისთვის, საგამოფენო ან საკონფერენციო დარბაზისთვის სივრცე.
ვინ იყიდის „რიყის დოქებს“ – ექსტრავაგანტული კომპოზიცია აუქციონზე მეხუთედ გაიტანეს>>
ობიექტის საერთო ფართობი, მიწის ნაკვეთთან ერთად, 14.591 კვადრატული მეტრია.
პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნით დაგეგმილი იყო მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობა. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.