ლავროვმა ბაქოსა და ანკარას შესთავაზა, რომ თბილისი „3+3“ ფორმატთან მიერთებაში დაარწმუნონ

Sputnik
თბილისი, 14 — Sputnik. საქართველოს მიერთება ფორმატთან „3+3“ მათ შორის თბილისის ინტერესებშიცაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3-ის“ პირველი სხდომა, რომელიც მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, ხუთი სახელმწიფოს — სომხეთის, რუსეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდა.
როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი მხარს უჭერს ამ რეგიონულ პლატფორმას და მონაწილეობს მასში.

„[ფორმატის მონაწილეები] ხელს უწყობენ სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებასა და პირობების შექმნას, რათა მიმდინარე პოლიტიკური პრობლემები მოგვარდეს ბევრად უფრო აქტიურად, უფრო ნაყოფიერად, მათ შორის რეგიონის სამ ქვეყანასა და მათ სამ დიდ მეზობელს — რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ეკონომიკური და სხვა თანამშრომლობის განვითარების გზით“, — განმარტა ლავროვმა.

მოსკოვმა აქტიურად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მიერ ინიცირებულ ფორმატ „3+3-ის“ შექმნის იდეას.
„ჩვენ მაშინვე დავინახეთ ძალიან კარგი გამაერთიანებელი პოტენციალი ამ ინიციატივაში. ჩვენ განხილვების პირველივე დღეებიდან და მოსკოვში შეხვედრის მომზადების პროცესში მხარს ვუჭერდით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლები ასევე ჩართულიყვნენ ამ პროცესში“, — აღნიშნა მინისტრმა.
„ნაკლოვანი და მიუღებელი“: ლავროვმა ნატოს პოლიტიკური ვალდებულებები შეაფასა
მინისტრის თქმით, რაც მეტი შესაძლებლობა ექნება კომუნიკაციისთვის, ეს მით უკეთესი იქნება დარჩენილი პრობლემების გადასაჭრელად. ახლა მოსკოვი ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიებისა და დიდი ხნისწინ შექმნილი არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში ურთიერთობს. მაგრამ „3+3“ პლატფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივები განიხილება.
ლავროვის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის გასულ წელს საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის დახმარებით მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ შექმნა პირობები სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის და რეგიონში ყველა მარშრუტის განბლოკვისთვის. ეს მინისტრის განმარტებით, ხსნის შესაძლებლობებს, რომლითაც დაინტერესებულნი არიან თურქეთი, რუსეთი, ირანი და საქართველო.

„ვფიქრობ, რომ წინასწარი პირობების გარეშე ფორმატთან მიერთება მათ ინტერესებშია. შესაძლებელია შეთანხმება, რომ ჩვენ ამ ფორმატში მხოლოდ იმ თემებზე ვიმსჯელებთ, რომლებიც ყველა მონაწილის ინტერესებში შედის“, — აღნიშნა ლავროვმა.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ მხარეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს აუხსნას მას პლატფორმის სარგებელი, მოსკოვმა თურქეთსა და აზერბაიჯანს მიმართა (დახმარება სომხეთსაც შეუძლია), რომ თბილისს ახალი ფორმატის უპირატესობა მათ წარუდგინონ.
როგორც ლავროვი ამბობს, ეს საქართველოს პოლიტიკურ ასპექტში არაფრით დაავალდებულებს.
შეგახსენებთ, რომ თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ინიციატივით მანამდე თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები გამოვიდნენ. რუსეთი და ირანი მიესალმნენ ამ იდეას, ხოლო საქართველომ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეგიონულ ინიციატივაში მონაწილეობას, თუმცა ბაქოსა და ერევანს მშვიდობის შესანარჩუნებლად მოლაპარაკების საკუთარ ფორმატს სთავაზობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ამ ფორმატში მონაწილეობის საკითხს არ განიხილავს.
როგორც საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს პოზიცია ამ კუთხით ერთმნიშვნელოვანია — ეს ფორმატი ქვეყნისთვის მიუღებელია და მასში მონაწილეობა არც ახლა და არც მომავალში არ იქნება განხილული.