„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატს საქართველოში უკვე ორი აეროპორტი ფლობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ACI-ს სერტიფიკატი პირველად 2020 წლის ბოლოს მიენიჭა.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეორედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭა, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“.
კომპანიის ცნობით, „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით, უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, -აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი პირველად 2020 წლის ბოლოს მიენიჭა.