თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. დღეს ქართული თეატრის დღეა - საქართველოში ეს დღე 172-ედ აღინიშნება.
თავისი არსებობის ათვლას თეატრის დღე იმ საღამოდან იწყებს, როდესაც პირველად 1850 წელს ნაჩვენები იყო ქართული თეატრის პროფესიონალი ფუძემდებლის გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა". ეს იყო პირველი და მაშინ ერთადერთი პროფესიული ქართული თეატრი საქართველოში. ამჟამად საქართველო 50-მდე თეატრს ითვლის.
1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით, აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მდიდარი სასცენო ტრადიციები გააჩნდა.
აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავისა და ზურაბ ანტონოვის პიესები, უპირატესად კომედიური ხასიათის, სადაც ავტორები სატირის მახვილს აღმართავდნენ გადაგვარებამდე მისულ თავად-აზნაურობას, ვაჭრებსა და მევახშეებზე, მეფის უსინდისო ჩინოვნიკებზე.
რუსთაველის თეატრი
© photo: Sputnik / Stringer
ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. თუმცა თეატრალურ დასს მუშაობა ძალიან მძიმე პირობებში უწევდა.
მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობდნენ ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის ხელი შეეშალათ. თეატრს შენობა წაართვეს, მის რეპერტუარს უმკაცრესი ცენზურა დაუწესდა.
ამ მიზეზთა გამო, 1856 წელს გიორგი ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართული დრამატურგების პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების ძალებით ხორციელდებოდა.
ქართული სასცენო ხელოვნების განვითარების ახალი, საკმაოდ ნაყოფიერი ეტაპი 1879 წელს იწყება, როდესაც თბილისში მოწინავე მოღვაწეთა ჯგუფმა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ედგნენ სათავეში, ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნის ნებართვა მიიღო. ერთი წლის შემდეგ თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა.
ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრი
© photo: Sputnik / Stringer
იმ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები გამოჩნდნენ: ვასო აბაშიძე (1854-1926), ლადო მესხიშვილი (1857-1930), ნატო გაბუნია(1859-1910), მაკო საფაროვა-აბაშიძე (1860-1940), კოტე ყიფიანი(1849-1921), კოტე მესხი (1859-1914), ვალერიან გუნია (1862-1938). ისინი ქართული სცენის უნიჭიერესი ოსტატები იყვნენ, რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება დიდ სიმაღლეზე აიყვანეს.
ქართულმა თეატრმა ძიების, აღმავლობის, მიღწევების რთული და საინტერესო გზა განვლო. უნიჭიერესი რეჟისორებისა და მსახიობების (კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე და მრავალი სხვა) ძალისხმევით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში.