სააკაშვილის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა - ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ახალი მოსმენა 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა
Sputnik
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრებოდა. სასამართლოში სააკაშვილი რუსთავის საპყრობილიდან გადაიყვანეს, სადაც ის ორ სხვა საქმეზე იხდის სასჯელს. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა დემონსტრაციულად აქცია ზურგი მოსამართლეს.
მოსამართლის შენიშვნის საპასუხოდ მან განაცხადა: „თავად გადავწყვეტ, ვის მივმართო. თქვენ ისევე ხართ მოსამართლე, როგორც მე ასტრონავტი. მე ქართველ ხალხს მივმართავ სიტყვით. მორჩა! თქვენ ჩემთვის არავინ ხართ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.
საკუთარი სიტყვა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს მიღწევებზე საუბარს და მოქმედი მთავრობის კრიტიკას მიუძღვნა. მან ბევრი ისაუბრა ისტორიაზე. ხაზი გაუსვა კომუნალური გადასახადების ზრდას, ბენზინის, საკვები პროდუქტებისა და წამლების ფასების მატებას.
მიხეილ სააკაშვილმა დაამატა, რომ მას ნევროლოგიური პრობლემები აქვს და ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა ცუდი იყო. მან ასევე ისაუბრა საკუთარ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც ციხის კამერაში დაწერა და პირობა დადო, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში დასაქმებულის მინიმალური ხელფასი ათასი დოლარი იქნება.
სააკაშვილი 29 სექტემბერს ჩუმად შემოიპარა ქვეყანაში, 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. მანამდე მას უკვე დაუსწრებლად ქონდა მისჯილი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.