თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რომ ისინი ღონისძიებებს ვერ მართავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღამის კლუბების გაერთიანება ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელმა დავით ლეჟავამ განუცხადა.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მათ უფლება მიიღეს, ჩაეტარებინათ ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ახალი წლის დღეებში. თუმცა სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ ისინი კვლავ იხურებიან.
„დაგვპირდნენ დახმარებას კომპენსაციის სახით. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ღამის კლუბების მუშაობა იქნება შეზღუდული. ეს წინადადება... განხილული იქნება ღამის კლუბების წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან დავიწყებთ აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციას“, – განაცხადა ლეჟავამ.
მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
ღამის კლუბები კომპენსაციას უკვე მეორედ მიიღებენ. 2021 წელს დახმარების პაკეტმა 2 მლნ ლარი შეადგინა, რაშიც შევიდა იჯარისგან და კომუნალური ხარჯებისგან გათავისუფლება და თანამშრომლების ნაწილის ხელფასების დაფარვა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.