პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო

როგორც განხილვის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, მიუღებელია, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის მიღება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დაადო ვეტო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს, რომლითაც ეს სამსახური უქმდება და თანამდებობას ტოვებენ მისი ხელმძღვანელი და მოადგილეები.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ელოდებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა კანონს, რომელიც 1 მარტიდან მისი უწყების გაუქმებას ითვალისწინებს.
ზურაბიშვილის განმარტებით, მან ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რადგან ცვლილებები ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.
„ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, მისთვის მიუღებელია ის დაჩქარებული პროცესი, რომლითაც ეს სამსახური გაუქმდა.

„ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო მოცემულობით შეიქმნა უსამართლო ვითარება, რომლის გამოსავალსაც ის რომელიმე ახლად შექმნილ უწყებაში ლონდა თოლორაიასთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემაში ხედავს.
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია