დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, დღეს ძველით ახალ წელს იზეიმებენ.
Sputnik
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ორ კალენდარულ სისტემას — ძველსა (იულიუსის) და ახალ (გრიგორიანულ) კალენდრებს შორის 13-დღიანი განსხვავების გამო დამკვიდრდა. ახალ კალენდარზე პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალ წელს არცერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, ეს ტრადიცია, საქართველოს გარდა, შემონახულია, მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იქ 14 იანვრის წინა საღამოს „უხვს“ უწოდებენ, ვინაიდან მარხვის დასრულების შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლაა მიღებული.
დღესასწაული აღინიშნება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებშიც – სერბეთში, მონტენეგროსა და მაკედონიაში. და თუ სერბები მას უბრალოდ „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ, მონტენეგროელები 14 იანვარს „ნამდვილ ახალ წლად“ მიიჩნევენ.
ექიმის რჩევები საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით: დაიცავით ზომიერება
ამ დღეს ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც, სადაც მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს, რომლებშიც სხვადასხვა სიურპრიზებს მალავენ – მონეტას, ბეჭედს ან სხვა მსგავს ნივთს.
შვეიცარიის ზოგ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას.
ძველით ახალი წლის ტრადიცია ასევე შემონახულია სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და უელსში.