მაყურებელთა თხოვნით: რუსული ცირკი ყინულზე თბილისში გასტროლებს ახანგრძლივებს

წარმოდგენის დროს მაყურებლებს ამაღელვებელ ლაზერ-შოუს, აკრობატების თავბრუდამხვევ გამოსვლას, ჟონგლიორების და კლოუნების გასართობ ნომრებს სთავაზობენ.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თბილისში, მაყურებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, რუსული ცირკი ყინულზე უქმეებზე – 15 და 16 იანვარს დამატებით წარმოდგენებს გამართავს, ნათქვამია თბილისის ცირკის ოფიციალურ facebook-გვერდზე.
თავდაპირველად რუსული ცირკის გამოსვლები დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმებოდა, მაგრამ უამინდობის გამო სატვირთო ავტომობილებს, რომლებშიც წარმოდგენისთვის აუცილებელი აღჭურვილობა იყო, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (ზემო ლარსი) გაჩერება მოუწიათ და თბილისში დაგვიანებით ჩამოაღწიეს.
აღნიშნულის გამო რუსულ ცირკს ყინულზე წარმოდგენების გადადება იანვრისთვის მოუხდა.
დამატებით წარმოდგენებზე ცირკში მისული მაყურებლების განწყობაზე იზრუნებენ აკრობატები, ჟონგლიორები და, რა თქმა უნდა, მხიარული კლოუნი, აღნიშნულია Circus on Ice-ის facebook-გვერდზე.
რუსული ცირკი ყინულზე (Circus on Ice) საქართველოს გასტროლებით პირველად ეწვია.
წყარო: ცირკი