მსოფლიო დღეს

მფლობელის გარდა ვერავინ გაისვრის: ბაზარზე „ჭკვიანი“ იარაღი გამოდის – ვიდეო

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი − Sputnik. პერსონალიზებული „ჭკვიანი“ იარაღი, რომლიდან გასროლასაც მხოლოდ იდენტიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ, აშშ-ში უკვე მიმდინარე წელს გაიყიდება, იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპანია LodeStar-ის 9 მმ კალიბრის პისტოლეტზე და ასევე კომპანია SmartGunz LLC-ს ანალოგიურ პროდუქტზე.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მსგავსი იარაღის შექმნის საჭიროებაზე კამათი მთელი ოცი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ორივე კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს ბაზარზე საკუთარი „ჭკვიანი იარაღის“ გამოტანას.
როგორც LodeStar-ის თანადამფუძნებელი გარეტ გლეიზერი აცხადებს, „ჭკვიანი“ პისტოლეტი ადამიანებს თავიდან ააცილებს ისეთ ტრაგედიებს, როგორიცაა ბავშვების დაღუპვა შემთხვევით გასროლილი ტყვიით.
საქმე ისაა, რომ ასეთი იარაღიდან გასროლას, გარდა იდენტიფიცირებული მფლობელისა, სხვა ვერავინ შეძლებს. პისტოლეტი, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, უბრალოდ არ გაისვრის, თუ ის შეუმოწმებელი და დაუდასტურებელი პირის ხელში მოხვდება.
გარდა ამისა, სმარტ-იარაღი ასევე შეამცირებს თვითმკვლელობების რაოდენობას, უსარგებლოდ აქცევს დაკარგულ თუ მოპარულ იარაღს, უზრუნველყოფს პოლიციელებისა თუ ციხის თანამშრომლების უსაფრთხოებას, თუ ის დამნაშავის ხელში მოხვდება.
როგორც ირკვევა, LodeStar-ის პისტოლეტში ინტეგრირებული იქნება სკანერი მფლობელის თითის ანაბეჭდისთვის, მოქმედების ახლო რადიუსის ჩიპი (აქტიურდება სატელეფონო დანართის მეშვეობით) და ასევე PIN-კოდის შესაყვანი პანელი.
ამასთან პისტოლეტის ავტორიზაცია რამდენიმე ადამიანზეა შესაძლებელი.
თითების ანაბეჭდის სკანერი პისტოლეტის განბლოკვას მიკროწამებში ასწრებს.
რაც შეეხება პინ-კოდის პანელს, ეს უფრო სათადარიგო ვარიანტია იმ შემთხვევებისთვის, თუ ნოტიო კლიმატსა თუ სხვა არახელსაყრელ პირობებში იარაღმა „გაჭედა“.
აღინიშნება, რომ „ჭკვიანი“ პისტოლეტი 895 დოლარი ეღირება.
წყარო: Reuters