თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პორტუგალიის ქალაქ ალმადაში 28-30 იანვარს ძიუდოში გრან-პრი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ცხრა ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მომავალი ტურნირისთვის გადახალისებული და ახალგაზრდული შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიაში საქართველოს ღირსებას დაიცავენ ძიუდოისტები: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (-66), გიორგი ტერაშვილი (-73), დიმიტრი გოჩილაიძე (-81), ნიკა ხარაზიშვილი და იმედა გოგოლაძე (ორივე -90), გიორგი ბერიაშვილი (-100), საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე +100).
პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტი (209 კაცი, 161 ქალი) მიიღებს.