თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა გზააბნეული ნიამორი საბინადრო გარემოში დააბრუნეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ნიამორი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ადგილობრივებმა შატილში აღმოაჩინეს და ამის შესახებ ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას აცნობეს.
„ნიამორის პოვნის და საბინადრო გარემოში დაბრუნების სამუშაოებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ რეინჯერებმა ნიამორი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით დაიჭირეს და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. შემდგომი მონიტორინგისთვის ნიამორს ნიშანი გაუკეთდა.
რეინჯერები ცხოველზე დაკვირვებას ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ.