თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველი პირები ევროპარლამენტის თავმჯდომარის დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
65 წლის სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი 26 დეკემბერს იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო მოათავსეს.
სასოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით მისმა პრეს-მდივანმა გაავრცელა.
„დამწუხრებული ვარ ჭეშმარიტი და თავდადებული ევროპელისა და საქართველოს დიდი მეგობრის დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა twitter-ზე.
დევიდ სასოლის გარდაცვალებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.
„ძლიერ ვწუხვარ პატივსაცემი და ენერგიული ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. მშვიდად განისვენეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ზე.
იტალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, დემოკრატიული პარტიის წევრი დევიდ სასოლი ევროპარლამენტის დეპუტატად 2009 წელს აირჩიეს. 2014-2019 წლებში სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის ივლისში კი იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.