თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახედი გახდა ორი მთავარი ფაქტორის – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზების გაუმჯობესებისა და მთავრობის ვალის შემცირების გამო.
პროგნოზი ითვალისწინებდა როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ეკონომიკის ზრდის შესახებ.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100%-ით შესრულდა, მათ შორის, კონსოლიდირებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
„ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19.799 მილიონ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 22.260 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, შარშან ინფრასტრუქტურას მოხმარდა 4,7 მილიარდი ლარი, რაც მშპ-ის 8,1%-ს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები მშპ-ის 9%-ზეა დაგეგმილი, რაც ქვეყანაში კაპიტალური ხარჯების ისტორიული მაქსიმუმია.
„რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მათზე ჯამში მიიმართა 1,93 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 1,188 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. მოსახლეობის სოციალური დახმარებების კუთხით მიიმართა – 410 მლნ ლარამდე, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით – 335 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადში დაწესებული შეღავათების ეფექტი 250 მლნ ლარზე მეტი იყო“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, შარშან, 2021 წელს ქვეყანამ მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სრულად დაფინანსდა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ხარჯები. ასევე თანხები მიიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად და ამავდროულად შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტიც და სახელმწიფო ვალიც.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელთა თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 161,1 მილიონი ლარით გაიზარდა და დაახლოებით 18,1 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
ამასთან, შემოსავლები გაიზარდა 300 მილიონი ლარით – 12,5 მილიარდ ლარამდე.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კი, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 297,4 მილიონი ლარით გაიზარდა (19,976 მილიარდ ლარამდე).