COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში შეიძლება გაორმაგდეს

სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოში ლაბორატორიულად ასობით საეჭვო შემთხვევას სწავლობენ, რომლებიც შეიძლება „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
„საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ ინფიცირების 600 შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ დღეს და ხვალ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს. გამორიცხული არაა, რომ მაჩვენებელი გაორმაგდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში ბოლო დღეებში დადასტურებული კოვიდ-შემთხვევების 10% „ომიკრონს" უკავშირდება.
რაც შეეხება ახალი შტამით ინფიცირებულთა მდგომარეობას, 600-დან მხოლოდ რვა ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამ დროისთვის ხუთი მათგანი კლინიკიდან გაწერილია, სამი კი თანმდევი დაავადებების გამო სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
უნდა გამკაცრდეს თუ არა კოვიდ-რეგულაციები - ინფექციონისტის განმარტება>>>
გამყრელიძის თქმით, გაზრდილია „ომიკრონის“ შემთხვევები მოზარდებსა და 18 წლამდე პირებში.
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.