მოსალოდნელია დიდი საცობები: თბილისში ერთ-ერთი დიდი გამზირის რეაბილიტაცია იწყება

Sputnik
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში 17 იანვარს ერთ-ერთი მთავარი გამზირის — ქეთევან წამებულის გამზირის განახლება დაიწყება, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის დასახლებებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, იუწყება დედაქალაქის მერია.
პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე მონაკვეთზე განხორციელდება, მეორე ეტაპზე კი — თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე.
სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, რვა თვეში, გამზირზე მთლიანად შეცვლიან გზის საფარს, დაამონტაჟებენ განათებისა და სანიაღვრეების ახალ სისტემებს, შეაკეთებენ ტროტუარებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამზირი ნაწილობრივ გადაიკეტება ერთი მიმართულებით.
სარემონტო სამუშაოები თბილისის ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი (დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული DIN GROUP-ი განახორციელებს.