თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94–110 კმ მონაკვეთი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თუმცა, ქარბუქის საშიშროების გამო საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე პერიოდში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.