თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. თბილისელები, რომლებმაც დეკემბერში ელექტროენერგიაზე და წყალზე ორი ქვითარი მიიღეს, გადასახადის დაფარვას იანვრის ბოლომდე შეძლებენ, ასევე მათ დარიცხული თანხის გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წარმომადგენელმა გიორგი ფანგანმა.
წყალგამანაწილებელმა კომპანია Georgian Water and Power-მა (GWP) და ენერგოგამანაწილებელმა კომპანია „თელმიკომ“ დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეკემბერში ბევრ აბონენტს ორ-ორი ქვითარი გაუგზავნეს – პირველ ქვითარში ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში დეკემბრის ნაწილის გადასახადია ასახული.
„მოგვმართა არაერთმა მოქალაქემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანია „თელმიკოსთან“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი, თუ არ ან ვერ გადაიხდის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან. ანუ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, დავალიანება თვის ბოლოს დაფარონ“, – განაცხადა ფანგანმა.
მისი თქმით, თუ მოქალაქეებს ეჭვი შეეპარებათ დარიცხული თანხის სისწორეში, მათ შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად შეისწავლის.
როგორც ფანგანმა აღნიშნა, „თელმიკომ“ უკვე დაიწყო დარიცხვების გადამოწმება და მოქალაქეების ნაწილს უკვე დაუკორექტირდა დარიცხული თანხები.
პირველ ქვითარში მათთვის, ვისაც მრიცხველი აქვს დამონტაჟებული, ასახულია ნოემბრის და დეკემბრის ნაწილის გადასახადი. სულადობრივი გადახდის შემთხვევაში ქვითარში მითითებულია მხოლოდ ნოემბრის გადასახადი.
რაც შეეხება მეორე ქვითარს მათთვის, ვისაც მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, მასში დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადია ასახული. სულადობრივი გადასახადის შემთხვევაში მასში დეკემბრის გადასახადია მითითებული.
მომხმარებლების მცირე ნაწილმა დეკემბერში მიიღო მხოლოდ ერთი ქვითარი, რომელშიც ნოემბერსა და დეკემბერში წყლის მოხმარების შესახებ ინფორმაციაა მითითებული.
2022 წლიდან თბილისის მოსახლეობას ქვითრები სტანდარტულად, თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა.