თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, ღამით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
საზეიმო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. ამის შემდეგ აღევლინება წირვა, რომელიც 24:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ტრადიციულ „ალილოს“, რომელიც 7 იანვარს იმართება ხოლმე, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, შარშანდელის მსგავსად, წელსაც განსხვავებულად ჩატარდება — ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა.
სასულიერო პირები სამი სხვადასხვა მიმართულებით გაემართებიან ავტომობილებით და მოსახლეობას შობას მიულოცავენ.
საქართველოს მოსახლეობა შობის დღესასწაულზე ტრადიციულად აგროვებს შემოწირულობას, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაეცემა.
წელს მოქალაქეებს შესაწირის მიტანა შეუძლიათ როგორც სამების ტაძარში, ისე რესპუბლიკის მოედანზე.
საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდეგ შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.