თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მომხდარი არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სკოლის დირექტორი ბაბუის თანდასწრებით 15 წლის გოგონას 16 წლის ბიჭი ხელზე ბეჭედს უკეთებს. ვიდეოში ჩანს, რომ ადგილზე მოზარდების ოჯახის ახლობლებიც იმყოფებიან.
მოზარდების ახლობლები ნიშნობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და ბიჭმა მას ბეჭედი საჩუქრად გადასცა.
„ნიშნობა არ იყო. ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე და აღვნიშნეთ. მოვიდნენ ნათესავებიც. საჩუქრები მოუტანეს. მანდ სხვა არაფერი მომხდარა. ბეჭედს მოიტან თუ რას მოიტან, ყველაფერი საჩუქარია. არაფერი გარიგება არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ კანონს ვიცავთ", – განაცხადა გოგონას ბაბუამ შახალ ისმაილოვმა.
მეცხრეკლასელი გოგონას მამა ზაჰირ ალიოღლი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ, უკვე 7 წელია, რაც მეუღლეს გაშორდა და საკუთარ შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. მოზარდი გოგონას მამა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ყოფილ მეუღლესთან იზრდება.
ამის მიუხედავად ნიშნობის ფაქტს ალიოღლიც კატეგორიულად უარყოფს.
„ნიშნობა რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად დამიძახებდნენ. წესით და კანონით არის, რომ მამა და დედა უნდა იყვნენ", – ამბობს ზაჰირ ალიოღლი.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის ანა აბაშიძის თქმით, საქმეში შესაძლოა სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულიც კი იკვეთებოდეს.
„გამოძიებამ უნდა გვითხრას, ხომ არ არიან ბავშვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. აბსოლუტურად სხვა დანაშაულია ქორწინების იძულება. შესაძლებელია, ჩადენილია სხვა დანაშაული, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან კავშირს კრძალავს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე პასუხები სახელმწიფომ უნდა გაგვცეს", – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ფაქტს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ საქმეზე მუშაობის პროცესში უკვე ჩაერთო სოციალური მუშაკი და შეფასდა არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობაც.
ამ დროისათვის მოზარდი ბიოლოგიურ ოჯახში რჩება.
უცნობია დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, უწყებაში ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წყარო: ტელეკომპანია „რუსთავი 2"