ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ ხელმომწერებს მიმართავს. როგორც ჟურნალისტი წერს, მიმდინარე თვეში კომუნალურების საგრძნობლად დიდი გადასახადი მიუვიდა.
„გაზის გადასახადმა ყველასთან აიხია სახე თუ მე ჩავიდინე რაღაც განსაკუთრებული?! იმის გარდა, რომ „თელმიკომ“ ორჯერ გამოგვიგზავნა გადახდის ქვითარი. ახალმა წელმა თუ ვინმეს მოუტანა ბარაქა, ეგ ორი კომპანიაა“, – დაწერა ჟორჟოლიანმა.
ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი აბონენტი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითარი ორჯერ მიუვიდა. კომუნალურ გადასახადებთან და მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ერთიან სისტემაზე გადავიდნენ როგორც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელმიკო“, ისე წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power, GWP).
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული, რაც არ ნიშნავს, რომ აბონენტებს გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. მომავალი თვიდან ისინი მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ.