Sputnik–საქართველო წარმოგიდგენთ საუკეთესო ქართული სრულ- და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ხუთეულს.
„მეოთხე ბრაიტონი“
პირველი სიაში „მეოთხე ბრაიტონია“, რომელიც საქართველოდან „ოსკარის“ პრეტენდენტთა ნუსხაში მოხვდა. ლევან კოღუაშვილის ფილმმა საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე მოიპოვა აღიარება.
კადრი ფილმიდან „მეოთხე ბრაიტონი"
© Facebook / Diana Rafaeli Nerses
ფილმის ერთ-ერთი ბოლო გამარჯვებაა სამი ჯილდო კოტბუსის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე. ასევე აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (AWFF) გამარჯვება კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“. დეკემბერში „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს.
ფილმი საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთის, აშშ-ის და მონაკოს ერთობლივი ნაწარმოებია.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?"
კიდევ ერთი 2021 წლის გახმაურებული ქართული დრამაა ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ფილმი უკვე საკმაოდ ცნობილია საერთაშორისო არენაზე და ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა. ბოლო აღიარებაა – ფილმი ამერიკული გამოცემა Film Comment-ის 2021 წლის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა. იქვეა მეორე ქართული ფილმიც – სალომე ჯაშის „მოთვინიერება“.
კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?"
© courtesy of Faraz Fesharaki
ფილმს მაღალი შეფასება მისცეს უცხოელმა კინოკრიტიკოსებმა, ასევე ცნობილმა გამოცემებმა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ. ბერლინალეზე ფირს „ფიპრესის“ კინოკრიტიკოსების ჟიურის პრიზი მიენიჭა. ფილმის გამარჯვებებს შორისაა ასევე ჩიკაგოში საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.
„ოთარის სიკვდილი“
მესამე ადგილზეა სოსო ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“. მისი მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ზაფხულში ჩეხეთში, კარლოვი ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მიიღო ევროპელი კინოკრიტიკოსების პრემია Fedeora Award.
როგორც ევროპელი და ხმელთაშუა ზღვის კინოკრიტიკოსების ფედერაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ჯილდო Fedeora მიენიჭა კარგად შექმნილ დრამას მრავალშრიანი თხრობით ორ ოჯახზე, რომლებიც უბედური შემთხვევის წყალობით ერთიანდებიან.
„ეს საოცარი სრულმეტრაჟიანი ფილმი საქართველოდან ეძღვნება დედისა და ვაჟის ურთიერთობებს, სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ“, – აღნიშნეს კინოკრიტიკოსებმა.
„მეზობელი“
„მეზობელი“ დავით ბორჩხაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია. საფესტივალო ცხოვრებას ეს ფილმი ახლა იწყებს, მაგრამ ის უკვე აჩვენეს ნიუ-იორკში New York Super Shorts Film Festival-ზე.
ბორჩხაძე პროფესიით სარეკლამო დირექტორია. „მეზობელი“ მისი მეორე ფილმია. პირველი სურათი – „სეზონი“ 2010 წელს გადაიღო.
„ბოდიში დაგვიანებისთვის“
კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბოდიში დაგვიანებისთვის“, რომელიც რეალურ მოვლენებს ეყრდნობა. რეჟისორმა ლუკა ბერაძემ ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა.
სწორედ აქ გაიმართა მისი ევროპული პრემიერა. მანამდე კი ფილმი პირველად ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე აჩვენეს, სადაც ჟიურის შექება დაიმსახურა. მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა დეკემბერში ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო.