ყვითელი ამბები

„ღარიბი ხალხის მდიდარო პრემიერო“: ღარიბაშვილი ოჯახის და ზღაპრული სახლის ფოტოს აქვეყნებს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნუნუკა თამაზაშვილმა ოჯახი საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმნეს. ნახეთ წყვილის ოჯახური ფოტო.
Sputnik
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ერს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდია ინტერესი პრემიერის ოჯახის, მისი ულამაზესი მეუღლის და შვილების მიმართ. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. ფოტოს ათასობით ხელმომწერი გამოეხმაურა.
- „გილოცავთ, უფალი გფარავდეთ, მრავალი ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ თქვენს ულამაზეს და სიკეთით სავსე ოჯახთან ერთად“.
- „ბატონო ირაკლი, ქალბატონო ნუნუკა, გილოცავთ 2022 შემობრძანებას, იხარეთ და გაძლიერდით ოჯახით“.
- „გილოცავ საქართველოს და ქართველი ხალხის იმედო მრავალს დაგასწროთ უფალმა ბატონო ირაკლი საყვარელ ოჯახთან ერთად“, – წერენ „ფეისბუქის“ მომხმარებლები.
თუმცა მილოცვის პოსტში უარყოფითი კომენტარებიც გამოერია.
- „იმედია ამ წელს დასრულდება შენი კარიერა“.
- „რამდენი ვაზელინით გაჟღენთილი კომენტარია ბატონო ირაკლი. ახალ წელს გილოცავთ. იმედს ვიტოვებ ეს წელი კარგი იქნება ქართველი ხალხისთვის და შენი ბანდიანად მარსზე გადაინაცვლებ“.
- „ღარიბი ხალხის მდიდარო „პრემიერო“, – წერენ კომენტარებში.
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი იყო. ჰყავს ძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.
მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა. ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობაც მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის იყო.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და მეოთხე – ქალიშვილი. ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბაშვილის მეუღლე გოგონაზე ოცნებობდა. ნუნუკა სოციალურ ქსელში მეუღლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აღარ აქტიურობდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობაში პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა, პოლიტიკოსის მეუღლე პერიოდულად ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.