თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო.
ამის შესახებ Sputnik–საქართველოს სანეევის მოსწავლემ და მეგობარმა, სპორტის ოსტატმა ვალერი ობიდკომ აცნობა.
მისი თქმით, სანეევის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი იყო.
სანეევმა მძლეოსნობაში კარიერა 1956 წელს დაიწყო სიმაღლეზე ხტომით, 1963 წლიდან კი სამხტომში გამოდიოდა.
ვიქტორ სანეევი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია სამხტომში (1968, 1972, 1976), 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974), საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამხტომში (17,23 მ, 17,39 მ და 17,44 მ).
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავსტრალიაში წავიდა მწვრთნელად სამუშაოდ.