თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 1 იანვრიდან საქართველოში ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი ამოქმედდება – 19,2 მლრდ ლარიდან ძირითადი სახსრები ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვასა და განათლებას მოხმარდება.
პარლამენტმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებისა და მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შეიმუშავა.
ეკონომიკური მონაცემები
2022 წელ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%–ს შეადგენს, ამასთან იგი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის ზრდის შესახებ.
ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს მშპ–ის 4,2%–ს შეადგენს. დეფლატორი დაგეგმილია 4,5%-ის დონეზე.
ნომინალური მშპ პროგნოზირებულია 64,8 მილიარდი ლარის დონეზე.
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წელს დაგეგმილია 19,4 მლრდ ლარის დონეზე.
საგადასახადო შემოსულობები 2022 წელს მშპ-ის 23,5% იქნება და ამავე დონეს შეინარჩუნებს მომდევნო წლებში.
როგორ გადანაწილდა ბიუჯეტის სახსრები?
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იქნება 19,2 მლრდ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 17,3 მლრდ ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,9 მლრდ ლარი.
2022 წელს შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (6 მლრდ ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2,9 მლრდ ლარი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (1,7 მლრდ ლარი).
2022 წელს სახელმწიფოს ძირითადი საზრუნავი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა იქნება.
სოციალურ პროექტებზე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი – 4 მლრდ ლარი წავა. აქედან, 2,9 მლრდ ლარი პენსიებს მოხმარდება, დანარჩენი კი მოსახლეობის დახმარებას. ჯანდაცვაზე სახელმწიფო 1,8 მლრდ ლარს დახარჯავს. 500 მლნ ლარი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება, 820 მლნ ლარი კი საყოველთაო ჯანდაცვაზეა გათვალისწინებული. კიდევ 154,9 მლნ ლარი გადაუდებელ დახმარებას, მათ შორის რეგიონებში „სასწრაფო დახმარების“ ექიმების ხელფასების ზრდას მოხმარდება.
სახელმწიფო 2022 წელსაც გააგრძელებს ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გზების მშენებლობას. წელს გზების მშენებლობა ქვეყანას 1,9 მლრდ ლარი დაუჯდება, რეგიონების განვითარება კი 483,6 მლნ ლარი.
მომავალ წელს განათლებაზე სახელმწიფო 1,7 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 1,6 მლრდ ლარი სასკოლო და სკოლამდელ განათლებას, მათ შორის მასწავლებლების ხელფასებს, სკოლების მშენებლობას და სკოლების განვითარების სხვადასხვა პროგრამებს მოხმარდება.
1 იანვრისთვის ვალუტის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით 3,0892 GEL/$1.