თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. პარტიის „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა 30 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მაშინ მოხდა, როდესაც მალხაზ თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მივიდა.
„სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თორიას ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიასა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილსაც“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
მისი განცხადებით, თორიას ასევე დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომობილის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
კახა ქემოკლიძის თქმით, თორიაზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან თავდამსხმელები თორიას ფიზიკური ძლადობის დროს ეუბნებოდნენ, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“.
პარტია „საქართველოსთვის“ შესაბამისი ორგანოებისგან ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სმაინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების, მუქარისა და სხვისი ქონების დაზიანების მუხლებით დაიწყო.