ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი „კატა და გენერალი“ ფრანგულ ენაზე გამოიცა

რომანში ცნობილ ქართველ მწერალს დანაშაულისა და სასჯელის თემა აქვს წინა პლანზე წამოწეული.
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი „კატა და გენერალი“ გამომცებლობა Belfond-მა ფრანგულ ენაზე გამოსცა, იუწყება თბილისის მწერალთა სახლი.
„კატა და გენერალი“ ხარატიშვილის გახმაურებული რომანია, რომელიც ნომინირებულია გერმანულ წიგნის პრემიაზე Deutschen Buchpreis 2018. მთარგმნელია როუზ ლაბორი.
რომანის მთავარი გმირი რუსი ოლიგარქი ალექსანდრ ორლოვია. სრულიად ახალგაზრდა ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა. დღეს მას ყველა „გენერალს“ უწოდებს. ორლოვი ცდილობს ბერლინში ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა მოგონებები ომზე არ ასვენებს. ყველაზე მტანჯველია მოგონება ახალგაზრდა ჩეჩენი ქალის ნურის მკვლელობაზე – დანაშაულზე, რომელიც დაუსჯელი დარჩა; თუმცა ამის დრო ორი ათეული წლის შემდეგ დგება.
ნინო ხარატიშვილი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. მისი ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა", „მერვე სიცოცხლე“, „კატა და გენერალი“ და სხვ. ნინო ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. წერს გერმანულ ენაზე.
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. როგორც პიესების ავტორმა და ქართულ–გერმანული თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, მან ადრეული წლებიდან მიიქცია ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".
ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს
ხარატიშვილი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლდ ბრეხტის, შილერის პრემიების ლაურეატია.