იაპონიაში მაღალპათოგენურმა ვირუსმა იფეთქა: მოქმედებს სანიტარიული ზონა

Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მაღალპათოგენური ვირუსის აფეთქების გამო იაპონიის პრეფექტურა ეჰიმეში 130 ათასი ქათმის განადგურება იგეგმება, იუწყება სააგენტო Kyodo.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია H5N1 ტიპის ფრინველის გრიპზე, რომელიც ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს.
ინფექციის კერის გარშემო 3-კილომეტრიანი რადიუსით სანიტარიული ზონა მოქმედებს. ასევე მოწყობილია სადეზინფექციო პუნქტები.
არსებული ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დღემდე ფრინველის გრიპის აფეთქების გამო ქვეყანაში უკვე განადგურდა დაახლოებით 400 ათასი ფრთა ქათამი.
ფრინველის გრიპი H5N1 — ეს ფრინველის მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებს აზიანებს და ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით — დაახლოებით 56%.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ H5N1 შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო პანდემიაში, თუ ის ადამიანის გრიპის ვირუსთან გენების რეკომბინაციას მოახდენს. ანუ შეიძენს ახალ თვისებებს, მაგალითად, ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარს.
რეკომბინაცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ H5N1-ის ბუნებრივი მატარებელი, მაგალითად, ღორი ვირუსის გადადების რგოლი აღმოჩნდება.
წყარო: Kyodo