თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის სადღესასწაულო დღებში ყველა სასაზღვრო–გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.
ფინანსთა მინისტრმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე – „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის.
„ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით ვულოცავ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოში 1–10 იანვრის ჩათვლით პერიოდი საჯარო დაწესებულებებისთვის უქმედ არის გამოცხადებული. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.