თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. იტალიაში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური მაფიის პირველი ქალი-ბოსი ასუნტა მარესკა, იუწყება Corriere del Mezzogiorno.
გავრცელებული ინფორმაციით, „პუპეტა მარესკას“ („თოჯინა“) მეტსახელით ცნობილი ასუნტა მაფიურ დაჯგუფება „კამორას“ ხელმძღვანელობდა.
ასუნტა მარესკა თავის დროზე იმით გახდა ცნობილი, რომ აქტიურად მონაწილეობდა ორი მაფიური ჯგუფის — „ახალი კამორასა“ და „ახალი ოჯახის“ გარჩევებში.
1954 წელს, როდესაც 18 წლის იყო, ასუნტა მარესკამ საქალაქო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც „კამორის“ ერთ-ერთ გავლენიან წევრზე გათხოვდა. მამაკაცი მალევე მოკლეს.
1955 წელს, ექვსი თვის ფეხმძიმე ასუნტამ ქმრის სავარაუდო მკვლელი დაცხრილა. გამოძიების ვარაუდით, მაშინ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე შეიარაღებული მაფიოზი იმყოფებოდა, მაგრამ ქმრის მკვლელობაზე შური უშუალოდ ასუნტა მარესკამ იძია.
1959 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ქალმა დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არაფერს ნანობდა და რომ კვლავაც იმავეს გააკეთებდა.
ასუნტას 13,3 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხიდან ექვსი წლის შემდეგ გამოვიდა.
ამის შემდეგ პუპეტა მარესკა არაერთხელ გამოჩნდა იტალიურ კრიმინალურ ქრონიკებში, როგორც მაფიის აქტიური წევრი.
ცოტა ხნის შემდეგ კი მეორედ გათხოვდა — კვლავ „კამორას“ ბოსზე უმბერტო ამატუროზე.
1982 წელს კი ქალი თავად გახდა დაჯგუფების ხელმძღვანელი, ანუ la prima donna boss della camorra.
ასუნტა მარესკამ 1967 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დანაშაული პოზილიპოში“, რომელიც რეჟისორმა რენატო პარავიჩინიმ გადაიღო.
გარდა ამისა, მარესკას ცხოვრებაზე გადაღებულია რამდენიმე ფილმი: „გამოწვევა“ (1958), „პუპეტა მარესკას საქმე“ (1982), „პუპეტა: სიმამაცე და ვნება“ (2013).
წყარო: Corriere del Mezzogiorno