„სხვა არაფერი შეგვიძლია“: თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას საგანგებო თხოვნით მიმართავს

პრევენციის მიზნით ცხოველებს დამამშვიდებელ აბებს აძლევენ და ნემსებს უკეთებენ, მაგრამ შეიძლება ამანაც არ უშველოს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ყოველწლიურად 31 დეკემბრის ღამეს თბილისში გამაყრუებელი ხმაურია – ახალი წლის დადგომას ფეიერვერკებისა და შუშხუნების სროლით აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ ყველაზე მეტად ცხოველები ზარალდებიან.
ამ პრობლემის გამო თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ზოოპარკთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას საგანგებოდ მოუწოდებს, ახალი წლის ღამეს თავი შეიკავონ ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან.

„ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ... გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით“, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ცხოველებისთვის.

„გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება. შარშან, 31 დეკემბრის ღამეს ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც – დაფეთებული ცხოველები ქაოსურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

„საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც... სხვა არაფერი შეგვიძლია“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოოპარკის ბინადრების გარდა, პიროტექნიკა გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს, განსაკუთრებით, უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობაც არსად აქვთ. ფრინველებს კი უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან.
აღსანიშნავია, რომ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლები ეხმაურებიან და უერთდებიან ზოოპარკის თხოვნას. მათი განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის ღამეს არ აპირებენ.
ზოოპარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰა ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.
სასიძო კარგი მანერებით: თბილისელი ვეფხვისთვის სასწრაფოდ ეძებენ ცოლს – ვიდეო >>
ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა სხვადასხვა შენობითა და საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. ზოოპარკი 2015 წელს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა.
600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. მაშინ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანის შესახებ.
წყარო - თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია